ხახვზე ასეთი მაღალი ფასი მსოფლიო ბაზარზე დიდი ხანია არ ყოფილა. ამ ბოსტნეულისთვის გაძვირების პერიოდიც ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. გაზაფხულზე ხახვის ფასი, როგორც წესი, მატულობს, რადგან მარაგები იწურება, ახალი მოსავალი კი ჯერ არ არის, თუმცა, წელს უმეტეს ბაზრებზე განსაკუთრებული დეფიციტი შეიქმნა.
ევროკავშირში წელს მილიონი ტონა ხახვის დეფიციტია შიდა მოთხოვნისა და მოსავლის შემცირების გამო, რაც ცუდმა ამინდებმა გამოიწვია. ამის გამო ევროკავშირში ხახვის საბითუმო ფასი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. ხახვის დეფიციტია დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ადგილობრივი მოსავალი მცირე იყო, ხოლო ევროკავშირიდან საიმპორტო ფასი გაზრდილია.
ევროპაში დეფიციტი გაამწვავა მიწოდების მკვეთრმა შემცირებამ ეგვიპტიდან, რომელიც მთავარი ექსპორტიორია. ეგვიპტეში ცუდი კლიმატური პირობების გამო გასულ წელს წარმოება დაეცა.
ევროპაში ფასის კლებას ახალი მოსავლის აღებამდე არ ელოდებიან, რადგან ყველა ქვეყანაში ამჟამად დეფიციტია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასი ზრდას გაგრძელებს აგვისტომდე, ვიდრე ბაზარზე ახალი მოსავალი გამოჩნდება.
ხახვის მოყვანა ფერმერებისთვის საკმაოდ რთულ და სარისკო საქმედ ითვლება სხვა, ისეთ სტაბილურ კულტურებთან შედარებით, როგორიცაა მარცვლეული.
წინა სეზონზე მაღალმა სიცხემ ბევრ ქვეყანაში შეამცირა მოსავლიანობა და გაზარდა დაავადება, რომელიც ხახვში გვხვდება.
ხახვის წარმოება შემცირდა უკრაინაშიც, რომელიც ხახვის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი იყო. ეს ბოსტნეული ყველაზე დიდი ოდენობით იმ რეგიონებში მოჰყავდათ, სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის ბაზარი უმეტესად ხერსონის რეგიონიდან მარაგდებოდა. ახლა მათ ხახვის იმპორტი თავადაც უწევთ.