ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების განცხადებით, 5-დღიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და მმართველ კომპანიასთან ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებას მიაღწიეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ გვერდმა მაღაროელი გაავრცელა.
„ჩვენს მოთხოვნებზე კომპანიისგან თანხმობა მიღებულია. იანვრის თვიდან დარკვეთის მაღარო გადავა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე.
1 -ელი თებერვლიდან ანაზღაურება გაუთანაბრდება სხვა მაღაროებზე არსებულ ანაზღაურებას, რაც 9-ლარიან მომატებას ნიშნავს.
რაც შეეხება სხვა მაღაროებს, სადაც თანამშრომლები 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე მუშაობენ, კომპანიამ, შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, მოითხოვა 6-თვიანი ვადა და ამ დროის გასვლის შემდეგ მათი ანაზღაურებაც გაიზრდება”, – თქვა ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა.
პროტესტის მონაწილეების თქმით, შეთანხმების პირობები დასაქმებულებისთვის მისაღებია. მაღაროელები კმაყოფილები არიან, რომ შედეგს დიალოგის გზით მიაღწიეს და პროტესტის რადიკალური გზები არ დასჭირდათ, მათ შორის პირის და თვალების ამოკერვა, როგორც ეს 5 თვის წინ რამდენიმე მათგანმა პროტესტის მიზნით გააკეთა.