გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. საქართველოდან $11,4 მილიონის მოცვია ექსპორტირებული.
2024 წლის 1 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, უკვე ექსპორტირებულია 1.8 ათასი ტონა მოცვი, რომლის ღირებულებამ $11.4 მილიონი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.4 ათასი ტონით(4.5-ჯერ), ხოლო ღირებულება – $8.7 მილიონით (4.2-ჯერ) გაიზარდა.
საქართველოსთვის მოცვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. 2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე 3,5 ათას ტონამდე, დაახლოებით $21,2 მილიონის ლურჯი მოცვი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 475%-იანი ზრდაა.
აქედან $19,47 მილიონის ღირებულების მოცვი გავიდა რუსეთში, რაც მთლიანი ექსპორტის 92%-ს აღწევს. ექსპორტიორების თქმით, რუსეთსი ექსპორტს ისინი მაღალი ფასის და ლოჯისტიკის სიმარტივის გამო ამჯობინებენ. წელს, სეზონის დასაწყისში რუსეთში კილოგრამი მოცვის ფასი $10 დოლარი იყო. ახლა ფასი $4-მდეა და ფერმერების თქმით, სეზონის პიკზე მისი ღირებულება შედარებით შემცირდება.
ლურჯი მოცვის ფართობი და მოსავალი
სამომავალოდ მოცვის ექსპორტის ზრდაა მოსალოდნელი, რადგან ქვეყანაში ბაღების ფართობები მატულობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლისთვის საქართველოში ლურჯი მოცვი 2,496.88 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან 478.69 ჰექტარი 2023 წელს გაშენდა.
სულ ამ ფართობების გაშენებისთვის 89,586 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. სახელმწიფო თანადაფინანსება 39,887 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი ინვესტიციის 45%-ია.