2024 წლის 9 თვის განმავლობაში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა. იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან სულ $1,762.6 მილიარდის(+12.5%). ავტომობილები გავიდა, რაც მთელი ექსპორტის 36.8%-ს შეადგენს. სულ ამ პერიოდში რეექსპორტზე 79 ათასი ავტომობილი გავიდა.
შესაბამისად ქვეყანაში გაზრდილია ავტომობილების იმპორტიც. აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა $2, 340.9 მილიარდი და მთელი იმპორტის 19.5% შეადგინა და საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს.
მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს 9 თვეში ამ ქვეყანაში რეექსპორტი 96%-ით გაიზარდა, ჯამში 23 ათასი ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებამ $838 მილიონი შეადგინა. ავტომობილის საშუალო ღირებულება $36 ათასს შეადგენს.
რუსეთს სანქციები დაუწესეს და აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში რეექსპორტმა მკვეთრად მოიმატა მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებში წარმოებული ავტომობილების რუსეთში იმპორტი აიკრძალა. ამავე პერიოდს ემთხვევა საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასის ზრდაც.
საქართველოს გავლით ყირგიზეთიდან რუსეთში ავტომობილების იმპორტის თემაზე საერთაშორისო მედიამ რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. არაერთი მედიაგამოცემა წერს, რომ საქართველოდან შუა აზიის ქვეყნებში შესული ძვირად ღირებული ავტომობილები შემდეგ რუსეთის ბაზარზე ხვდება.
რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ყირგიზეთთან ვაჭრობის მოცულობა 2024 წლის პირველ ნახევარში 13%-ით არის გაზრდილი.
ავტომობილების ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს ყაზახეთი $551 მილიონით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანია $223 მილიონით.