TBC Capital-ის მიერ ჩატარებული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა აჩვენებს, რომ თბილისში ძველ ბინებზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, იანვრის თვეში, წინა წლის იანვართან შედარებით, ძველი ბინების გაყიდვები დაახლოებით 19%-ით არის მომატებული(-23% დეკემბრის თვესთან). სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარში ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 19% შეადგენს.
მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მოიმატა ძველი ბინების ფასმაც. 2023 წლის იანვარში საშუალო ფასი, დეკემბერთან შედარებით, 2,6%-ით გაიზარდა. ხოლო ახალი ბინების ფასმა იანვარში -0,2%-ით დაიკლო.
ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე იყიდება. ამ უბანში, 2023 წლის იანვარში, განსაკუთრებით ძველი ბინების გაყიდვებმა იმატა. ერთი წლის განმავლობაში გაყიდვები 38%-ით არის მომატებული.
ძველ ბინებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება დედაქალაქის სხვა უბნებშიც. მაგალითად, დიდ დიღომში ძველი ბინების გაყიდვები 35% -ით არის მომატებული წინა წელთან შედარებით. ხოლო ახალი ბინების შემთხვევაში გაყიდვები შემცირდა (-44%-ით). ამის მიუხედავად, დიდი დიღომში, სხვა უბნებთან შედარებით, მაინც ყველაზე მეტი ახალი ბინა იყიდება.
2022 წლის იანვართან შედარებით, ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ნაძალადევში (+136%), დიდუბეში (+73%), გლდანში (+41%) და ისანში (+41%).
ყველაზე ძვირი საცხოვრებელი უძრავი ქონება მთაწმინდაზე და ვაკეშია. ამ უბნებში საშუალო ფასი კვ.მ-ზე $1700-ს აჭარბებს.