დასავლეთი ჩინეთს ტექნოლოგიურ ომს უცხადებს
ამერიკა-ჩინეთის „ჩიპების ომს“ ჰოლანდიური ASML Holdings უერთდება, რომელიც მეხსიერების ბარათების უდიდესი მწარმოებელია ევროპაში. ამავე დროს, ASML Holdings ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია ჩინეთში მეხსიერების ბარათების მწარმოებლებისთვის. ნიდერლანდების ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ ნახევარგამტარების ექსპორტზე შეზღუდვების შემოღება ეროვნული უსაფრთხოების დაცვით არის ნაკარნახევი. საექსპორტო შეზღუდვების დეტალები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე გაირკვევა.
როგორც ცნობილია, ვაშინგტონს სურს, შეზღუდოს ჩინეთის ტექნოლოგიური ინდუსტრია. აშშ-დან უკვე შეიზღუდა ზოგიერთი სახის ნახევარგამტარის გაყიდვა პეკინში. კერძოდ, შარშან, ოქტომბერში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინურ კომპანიებს თანამედროვე მეხსიერების ბარათებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო მოწყობილობების აშშ-ში ლიცენზიის გარეშე შეძენა აუკრძალა. იმისათვის, რომ ეს ზომები ეფექტიანი იყოს, ვაშინგტონს სხვა დიდი მიმწოდებლების მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ ცდილობს ერთობლივ შეტევაში ნიდერლანდელი და იაპონელი მწარმოებლები ჩართოს.
გაირკვა, რომ ტოკიო ჩიპების ექსპორტის ახალი რეგულაციების შესახებ სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
ჩინეთის წინააღმდეგ ანალოგიურ შეზღუდვებს სხვა ქვეყნებიც მიმართავენ. მათ შორის დიდი ბრიტანეთი და გერმანია. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ საავტომობილო ჩიპების მწარმოებელს – Elmos Semiconductor-ს ქარხნის ჩინური Silex-ისთვის მიყიდვა აუკრძალა
დასავლეთის შეტევა ეწინააღმდეგება პეკინის მიზანს, გახდეს გლობალური ლიდერი ხელოვნური ინტელექტისა და 5G ტექნოლოგიის სფეროში. არადა, მას ჩიპები სჭირდება ყველა ინდუსტრიისთვის, სმარტფონებით დაწყებული, თვითმართვადი ავტომობილებითა და იარაღის წარმოებით დამთავრებული.
ჩინეთმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება შეზღუდვების შემოღებას. ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დასავლეთის ქვეყნები, შეერთებული შტატების მეთაურობით, ჩინეთის „დათრგუნვის“ მცდელობაში დაადანაშაულა. მან ჩინურ კომპანიებს მზარდი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.