ჩინეთის მთავრობა ფინანსურ პაკეტს ამზადებს საფონდო ბირჟის საშველად, რომელიც ხუთწლიან მინიმუმზე დაეცა.
საფონდო ბირჟაზე სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით $278 მილიარდის მობილიზება ძირითადად სახელმწიფო საწარმოების ოფშორული ანგარიშებიდან მოხდება. ამ თანხით განხორციელდება აქციების შესყიდვა ჰონგ-კონგის ბირჟის საშუალებით.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩინეთის საფონდო ინდექსები გაიზარდა, მაგრამ მალევე ისევ დაეცა.
CSI300 ინდექსი ხუთწლიან მინიმუმამდე ჩამოვიდა, ხოლო შანხაის საფონდო ინდექსი SSEC ფსიქოლოგიურ 2,800-პუნქტიან ნიშნულს ჩამოსცდა.
ჩინეთის საფონდო ბირჟებისთვის მიმდინარე წელი ცუდად დაიწყო. უძრავი ქონების ბაზარზე ვარდნამ საფონდო ინდექსებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
უცხოურმა ფონდებმა ჩინური კომპანიების დაახლოებით $1,6 მილიარდის ღირებულების აქცია გაყიდეს. აქციების შესყიდვას თავად ჩინელი ინვესტორებიც ერიდებიან.
საერთაშორისო კომპანიების მენეჯერების პროგნოზით, ჩინეთის უძრავი ქონების სექტორის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.