2023 წლის 5 თვეში საქართველოდან $2,503 მილიარდის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით მეტია.
ამ მოცულობის 49.2%-ს ადგილობრივი ექსპორტი შეადგენს, რაც არის საზღვარგარეთ გატანილი საქონელი რეექსპორტის გარეშე.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 23%-ით არის შემცირებული და $1,232 მილიარდი შეადგინა.
კლება ძირითადად ფეროშენადნობების და აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ვარდნამ განაპირობა, რომელიც შესაბამისად, 69,1% და 44%-ით შემცირდა.
2023 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს $310.6 მლნ-ით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი ადგილობრივ ექსპორტში 25.2%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $103.3 მლნ-ით (ადგილობრივი ექსპორტის 8.4%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 86.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7%).
უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($219.3 მლნ), ჩინეთი ($176.2 მლნ) და თურქეთი ($152.6 მლნ).
რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 17,8%-მდე გაიზარდა. ხოლო ჩინეთის და თურქეთის წილები შემცირებულია.
122,5%-ით გაზრდილი რეექსპორტი
სამაგიეროდ, მკვეთრად არის გაზრდილი საქართველოდან განხორციელებული რეექსპორტის მოცულობა. საქონლის მოცულობამ, რომელიც შემოტანილია საზღვარგარეთიდან შემდეგ ექსპორტზე გასატანად, $295.3 მილიონს მიაღწია. ეს 122.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის მაისში რეექსპორტი $132.7 მილიონი იყო.
რეექსპორტის თითქმის 68% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. მაისში $200 მილიონის ღირებულების, 8965 ერთეული ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე.
რეექსპორტით გასული მეორე უმსხვილესი პროდუქცია სიგარეტი და თამბაქოს სხვა ნაწარმი იყო, რომლის მოცულობამ $9.5 მილიონი შეადგინა (694 ტონა). მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებებია $7.4 მილიონით (151 ტონა).