აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ დოლარი დარჩება დომინანტურ ვალუტად საერთაშორისო ბაზარზე და უახლოეს მომავალში აშშ-ის ვალუტას ალტერნატივა არ ექნება.
აშშ-ის ხაზინის მონაცემებით, ამჟამად საერთაშორისო ტრანზაქციების 90% აშშ დოლარში ხორციელდება.
როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ჩინეთი დოლარის „შესავიწროვებლად” აქტიურად ცდილობს, დოლარის ნაცვლად ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის დროს იუანი გამოიყენოს. BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ქმნიან ალტერნატიულ სავაჭრო და მონეტარულ კავშირებს, რათა შეზღუდონ აშშ დოლარის, როგორც მთავარი სარეზერვო ვალუტის გავლენა.
როდესაც ჯანეტ იელენს ჰკითხეს BRICS-ის ქვეყნების ახალი ვალუტის დანერგვის გეგმების შესახებ, ელენმა ასე უპასუხა:
„ჩემთვის ცნობილი ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ აშშ დოლარი გამოიყენება საერთაშორისო ტრანზაქციების აბსოლუტურ უმრავლესობაში. დაახლოებით 90%-ით და არა მგონია, არსებობდეს ალტერნატივა, რომელმაც შეიძლება, შეცვალოს ეს უახლოეს მომავალში“.