რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის – ირაკლი ქარსელაძის თქმით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.
მაგისტრალის 4-კილომეტრიანი (ვაზიანის შემოვლითი გზის) ახალი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გაიხსნა და ამჟამად დარჩენილი 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება.
„სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია. ჩქაროსნული გზის დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობა გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება”, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ დღეს, სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას.
თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალური გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.
მინისტრის თქმით, საგარეჯოს შემოვლით მონაკვეთზეც გზის ნაწილი მოყვანილია ქვედა საფარში, სამუშაოები გრძელდება და მომდევნო წელს დასრულდება.
ასევე, დაწყებულია საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა და ამ მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წელს არის გათვალისწინებული.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.
პროექტის ფარგლებში, შენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
მინისტრის თქმით, ასევე გრძელდება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა, გომბორის საგზაო მონაკვეთის და ომალოს გზის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.