კრემლის მიერ მრავალმილიარდიანი აქტივების ჩამორთმევამ, ავსტრიული და გერმანული ენერგოკომპანიები შესაძლოა, შემოსავლების გარეშე დატოვოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც რუსეთის მთავრობას ეძლევა უფლება, ჩამოართვას და ახალ რუს მფლობელებს მიჰყიდოს ევროპული ენერგეტიკული კომპანიების კუთვნილი მილიარდობით დოლარის აქტივები.
კრემლის ბრძანებით, ავსტრიის OMV-ისა და გერმანული Wintershall-ის კუთვნილ წილებს იუჟნო-რუსკოეს ნავთობისა და გაზის საბადოში ახალი შექმნილი რუსული კომპანიები მიიღებენ.
ეს ორი უმსხვილესი ენერგოკომპანია ერთობლივად ფლობს 60%-იან წილს რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში არსებულ საბურღ სადგურში.
კრემლის ცნობით, კომპანიები მიიღებენ კომპენსაციას ჩადებული ინვესტიციის სანაცვლოდ, თუმცა, თანხა რუსეთის სახელმწიფოს მიერ იქნება განსაზღვრული.
ევროპული კომპანიები სავარაუდოდ, საერთაშორისო არბიტრჟს მიმართავენ.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ბევრმა დასავლურმა ენერგოკომპანიამ დატოვა რუსეთის ბაზარი. მათ შორის არიან ამერიკული Exxon Mobil და ნორვეგიული Equinor. ხოლო კომპანიებს – Shell, BP, TotalEnergies და Wintershall რუსეთში თავიანთი ბიზნესის ლიკვიდაციისა და სახსრების დაბრუნების პრობლემები შეექმნათ.
ივლისში კრემლმა Carlsberg და ფრანგული Danone რუსული შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის ქვეშ მოაქცია.
რუსეთი ქვეყნიდან კაპიტალის გატანაზე ნებართვის სანაცვლოდ, დასავლეთის ქვეყნებში გაყინულ თავის აქტივებს ითხოვს.
ევროკავშირი გეგმავდა სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთში ევროპული კომპანიების აქტივების ჩამორთმევაში, თუმცა, ბრიუსელს ისინი ჯერჯერობით არ დაუსჯია.