ყაზახეთმა უარყო გუშინ გავრცელებული ცნობა, რომ აკრძალა რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი საერთაშორისო სანქციების გამო.
რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ინფორმაციით, ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტრომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობას „არაკორექტული“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთში რაიმე საქონლის ექსპორტი არ აუკრძალავთ.
რუსეთში ექსპორტის შეჩერების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წყარო ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე კაირატ ტორებაევი იყო. მან 19 ოქტომბერს ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ყაზახეთიდან აიკრძალა ჩიპები, ელექტროტექნიკა, დრონები, მათი კომპონენტებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, რომელიც შესაძლოა, სამხედრო დანიშნულებით იყოს გამოყენებული.
ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებით, ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების რეგულირება ხდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებასთან სრული შესაბამისობით.
მანამდე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციებით აკრძალულ საქონელს ყაზახეთიდან იღებდა.