საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს კლვევას მსხვილი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანია შპს დ-კ ქონსტრაქშენმა დაარსებიდან თვე-ნახევარში 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით.
შპს დ-კ ქონსტრაქშენი 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა და თვე-ნახევარში, 18 მაისს, ქუთაისის მერიისგან 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო. მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების არმქონე კომპანიას გაუფორმა.
შპს დ-კ ქონსტრაქშენის 50-50%-ს დავით ყიფიანი და დიმიტრი კუბლაშვილი ფლობენ.
დავით ყიფიანმა, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორია, 2020 წლის აგვისტოში ქართულ ოცნებას 5,000 ლარი შესწირა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს პანდემია იყო და კომპანიებს რთული პერიოდი ჰქონდათ.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დიმიტრი კუბლაშვილს სამეწარმეო გამოცდილება არ გააჩნია, ხოლო დავით ყიფიანი რამდენიმე კომპანიის დირექტორია.
ხელშეკრულების მიხედვით, შპს დ-კ ქონსტრაქშენმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის არეალში მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია განახორციელა.
სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით ჩატარების საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობაა მითითებული.
შენობის რეაბილიტაცია უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე (21 ივნისამდე) უნდა დასრულებულიყო, რადგან ქუთაისის სტადიონი აღნიშნული ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია.
საქართველო რომ უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იქნებოდა, ეს ცნობილი 2020 წლის 2 დეკემბერს გახდა და ბუნებრივია, მოსამზადებელი სამუშაოების სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სასწრაფოდ, გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტის გაფორმება საჭირო არ იქნებოდა.