ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის – ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, ხოლო ადგილობრივმა მეხორბლე ფერმერებმა გასული წლის მოსავალიც ვერ ჩააბარეს. ამის შესახებ ლევან სილაგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შექმნილი კრიზისი რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე ბაჟი დააწესა, ხოლო ფქვილის ქვეყნიდან გატანაზე საბაჟო გადასახადი გაანულა.
„ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. მიზეზი რუსულ ხორბალზე არსებული საექსპორტო ბაჟია, მაშინ როდესაც ფქვილზე ეს ბაჟი არ მოქმედებს. გასულ წელთან შედარებით ამას დაემატა ის, რომ ადგილობრივ ფერმერებში გასული სეზონის მოსავალია დაგროვებულია და ისინი წისქვილებს ვერ აბარებენ, რადგან წარმოებები გაჩერდა. შესაბამისად, ეს ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და ფერმერები ახალი მოსავლის მიღებისთვის მზადებას ვერ იწყებენ“, – ამბობს ლევან სილაგავა.
ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას პრობლემის მოგვარების საკუთარ გეგმას სთავაზობს. შეთავაზება გულისხმობს:
დაწესდეს დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს, ამ შემთხვევაში წისქვილკომბინატები მუშაობის აღადგენენ. თავის მხრივ, წისქვილკომბინატები იღებენ შემდეგ ვალდებულებებს:
- წისქვილკომბინატების მიერ ე.წ. „მასობრივი მოხმარების“ პურზე ფასის გარანტირებულ შენარჩუნებას;
- ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (ამჟამად, ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს), რაც შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უზრუნველყოფს;
- ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხორბლით 2-თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით.
აღნიშნული შეთავაზება პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შემდეგ დადებით ეფექტს აძლევს:
- ფქვილის იმპორტიორებსა და ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ეძლევათ მუშაობის საშუალება გათანაბრებულ კონკურენტულ გარემოში;
- მოსახლეობის ფართო ფენებისათვის გარანტირებულია ე. წ. „ მასობრივი მოხმარების“ პურის ფასი;
- ნარჩუნდება წისქვილკომბინატებში მომუშავე 3000-მდე ადამიანის სამუშაო ადგილი.
- უზრუნველყოფილია ადგილობრივი ფერმერების მიერ 2022 წლის ადგილობრივი დარჩენილი ხორბლის მოსავლის რეალიზაცია და 2023 წლის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება, შემდგომი წლების ხორბლის მოსავლის ზრდის მოტივაცია და ადგილობრივი მოსავლის გარანტირებული ჩაბარება წისქვილკომბინატებში;
- უზრუნველყოფილია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. გარანტირებულია ხორბლით 2-თვიანი გარდამავალი მარაგების არსებობა;
- უზრუნველყოფილია უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული სტრატეგიით ადგილობრივი ხორბლის მოსავლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდა;
- სახელმწიფოსაგან სიტუაციის დასაბალანსებლად არც წისქვილკომბინატებისა და არც ფერმერების მიერ არ მოითხოვება საბიუჯეტო თანხები, მათ შორის, არც რაიმე სახის სუბსიდირება. პირიქით, ბიუჯეტი ივსება, როგორც ფქვილზე საიმპორტო გადასახადის მოსაკრებლით, ასევე, ადგილობრივი წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის შედეგად გადახდილი გადასახადებით.
ხელისუფლების პოზიცია ბიზნესის შეთავაზებაზე, ჯერჯერობით, უცნობია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ შექმნილ პრობლემაზე კონსულტაციები ბიზნესთან მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
რაც შეეხება ხორბლისა და ფქვილის რუსეთიდან იმპორტს, 2023 წლის იანვარში რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის ერთადერთი მომწოდებელი ქვეყანა გახდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთიდან საქართველოში იანვარში 16 704 ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც შარშანდელ იანვართან შედარებით 42%-ით არის გაზრდილი. პარალელურად, ქვეყანაში 18 050 ტონა რუსული ფქვილი შემოვიდა – შარშანდელზე თითქმის 2-ჯერ მეტი.