უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო ომის სპონსორების სიაში ქართული ღვინის ჯგუფი ბოლერო (Bolero) დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის მიუხედავად, საქართველოდან რუსეთში ღვინის იმპორტი პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა.
ბოლეროს ღვინის ქარხნების ჯგუფში შედის: შპს Bolero&Company, შპს GVMT GROUP და შპს GRUZVINPROM.
კომპანიების ბენეფიციარი მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის – უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია.
ამ კომპანიებმა 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით რუსეთში ექსპორტი გაზარდეს და $68 მილიონზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფის საწარმოები მთლიანობაში საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებენ.
შპს Bolero&Company-ის ფინანსური ანგარიში მიუთითებს, რომ კომპანია შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს რუსულ ბაზარზე გაყიდვებიდან იღებს.
ამავე დროს, კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ომი უახლოეს მომავალში მათ საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.
კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ ღვინის კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სანქცირებულ რუსებთან დაკავშირებულ კომპანიებთან: ალექსანდრე ვინოკუროვთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის –სერგეი ლავროვის სიძესთან, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, შვეიცარიის, ავსტრალიის, უკრაინის, ახალი ზელანდიის მიერ. გარდა ამისა, ის ასევე თანამშრომლობს სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთან იგორ კესაევთან და სერგეი კაციევთან.