მსოფლიოში ოქროს ფასი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ერთი წლის განმავლობაში ერთი უცნია ოქრო თითქმის 22,7%-ით გაძვირდა და უნციაზე $2.403 შეადგინა. წინა წლის 22 ივლისისთვის ერთი უცნიის ღირებულება თითქმის $2 000 შეადგენდა.
გლობალური ტენდენციის შესაბამისად, ძვირდება ქართული ოქროს საექსპორტო ფასიც (ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით).
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა $49.926 მლნ-ს ღირებულების 1.34 ტონა ოქრო, კილოგრამის ფასმა საშუალოდ $37 258 შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში $45.218 მლნ-ს 1.50 ტონა ოქრო გაიყიდა, კილოგრამი საშუალოდ $30 146-ად. შედეგად გამოდის, რომ ქართული ოქროს ექსპორტი წელს თითქმის 23.6%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ქართული ოქრო წელსაც, როგორს 2023-ში სამ ქვეყანაში – შვეიცარიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა. კერძოდ:
- შვეიცარია – $45.860 მლნ
- თურქეთი – $3.548 მლნ
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – $517.03 ათასი