საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე კომპანიაში დღეს ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყება ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს „ქოლცენტრებს” უკავშირებს.
საგამოძიებო სამსახური შემდეგი შინაარსის განცხადებას ავრცელებს:
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.
მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან.
ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ”, – წერია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურს არ დაუსახელებია “სამი სავარაუდო ე. წ. “ქოლცენტრის” სახელი და მისამართები.
როგორც ცნობილია, დღეს, ჩხრეკა ჩატარდა ვაკეში მდებარე ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix Georgia-ში. ასევე გამომძიებლები შევიდნენ ატლანტიკური საბჭოს ქართველი თანამშრომლების სახლებში, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.
„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.