დღეს კახეთში მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ. ფერმერები წნორში 12:00 საათზე იკრიბებიან.
ფერმერების თქმით, მათი პრობლემები კვლავაც მოუგვარებელია. კერძოდ, ისინი ისევ ვერ ახერხებენ გასული წლის მოსავლის რეალიზაციას.
წინა აქციაზე, რომელიც მათ 5 მაისს, სოფელ ჩალაუბანთან გამართეს, 300-მდე ფერმერი გამოვიდა. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის – ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, პროტესტს შედეგი არ მოუტანია. ფერმერებს არავინ გამოხმაურებია.
ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.
ფერმერების ნაწილი იძულებული გახდა, მარცვლეული დაბალ ფასად, 40 თეთრად გაეყიდა, რაც ბენიანიძის თქმით, წამგებიანი ფასია.
ფერმერები მთავრობას მარცვლეულის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვენ, რომ პროდუქციის გაყიდვა მინიმალურ ფასში, თვითღირებულებით მაინც მოხერხდეს.
„შეუძლებელია მარცვლეულის გაყიდვა შემოთავაზებულ ფასად, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია“, – აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.