მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერები, რომლებსაც მოსავლის გაყიდვის პრობლემა შეექმნათ, კახეთში, სოფელ ჩალაუბანთან აქციას მართავენ. ისინი მთავრობისგან მარცვლეულის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ერთი ტომარა ხორბალი ტერიტორიაზე მოაბნიეს.
აქციას, სადაც დღეს 300-მდე ფერმერი გამოვიდა, გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა. თუმცა, ამბობენ, რომ პრობლემა თუ არ მოგვარდა, პროტესტის მასშტაბები გაიზრდება.
რა პრობლემები აქვთ მეხორბლე ფერმერებს
ფერმერები ხელისუფლებისგან მათი პრობლემების მოგვარებას თვეების განმავლობაში ითხოვენ.
რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდამ ადგილობრივ მარცვლეულზე ფასების ვარდნა გამოიწვია. ქვეყანაში რუსული ფქვილის დიდი რაოდენობით შემოტანის გამო წისქვილკომბინატები გაჩერდა, შესაბამისად, მათ ადგილობრივი ხორბალი ვეღარ შეისყიდეს.
ფერმერები ამბობენ, რომ კილოგრამ ხორბალში 45 თეთრს სთავაზობენ, რაც თვითღირებულებაზე დაბალი ფასია. მარცვლეულის იაფად გაყიდვა მათთვის ზარალიანია –საბანკო კრედიტების გასტუმრებას ვერ შეძლებენ და იძულებული იქნებიან, სათესი მიწები გაყიდონ.
მარცვლეულის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიანიძე ამბობს, რომ ფერმერებმა ხელისუფლებისა და სამინისტროს თხოვნისა და მოწოდების შემდეგ მეტი მიწა დაამუშავეს და მარცვლეული დათესეს. ახლა კი გაკოტრების პირას არიან.
„ვერ ვყიდით ძველ მოსავალს, მაშინ როცა ახალი კარზე მოგვადგა. შეუძლებელია, შემოთავაზებულ ფასად გაყიდვა, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ბანკები წაიღებენ ჩვენს ქონებას და უბრალოდ, უმიწაწყლოდ დავრჩებით“, – ამბობს ნიკოლოზ ბენიანიძე.
საქართველოში მოყვანილი მოსავლის ექსპორტზე გატანაც ვერ ხერხდება.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას შესთავაზა, რუსული ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო დამაბალანსებელი გადასახადი ან მომხდარიყო დარჩენილი ხორბლის მარაგის თვითღირებულების ფასად გაყიდვა, რაც სახელმწიფოს მიერ 1 კგ-ზე 20-25 თეთრით სუბსიდირებით მოხერხდებოდა, მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეხორბლეებისა და მეწისქვილეების შეთავაზებას უარით უპასუხა.
მთავრობა არ აპირებს რუსული ფქვილის იმპორტის დაბეგვრას და ამ გადაწყვეტილების პურის გაძვირების რისკებით ხსნის. რეალიზებისას მარცვლეულის სუბსიდირების საკითხზე კი მათ ოფიციალური პასუხი დღემდე არ მიუღიათ
ფერმერები ამბობენ, რომ მათ სარეალიზაციო ხორბალი ისევ გასაყიდი აქვთ. ივნისის დასაწყისიდან ახალი მოსავალი იქნება ასაღები, რაც მარცვლეულს კიდევ გააიაფებს.
„ძალიან დაბალ ფასად მოუწევთ ჩაბარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონისთვის ვეღარ მოვემზადებით, მიწებს ვეღარ დავამუშავებთ და დავკარგავთ. ამ საშიშროებების წინაშე ვდგავართ და აქცია ამიტომ გავმართეთ“, – აღნიშნავს ნიკოლოზ ბენიანიძე.