უკრაინული გემები მარცვლეულის ახალ „დერეფანში“ იმოძრავებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, გემები ოდესის პორტიდან გავლენ, უკრაინის ტერიტორიული წყლების გასწვრივ, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს გაივლიან და რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიული წყლების გასწვრივ იმოძრავებენ.
„ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთმა გაბედოს გემებზე თავდასხმა NATO-ს სამი ქვეყნის წყლებში… იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მარცვლეულის მიწოდებას მთელი მსოფლიოსთვის ამ დერეფნის მეშვეობით“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, ამჟამად რუსული ფლოტი უკრაინის სანაპიროდან 100 საზღვაო მილის ზონის მიღმა იმყოფება.
„ფაქტობრივად, ისინი იმალებიან ნოვოროსიისკთან, ქერჩის სრუტესთან, საიდანაც ურტყამენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, ამ სრუტეების გავლით, ორივე მიმართულებით, ასამდე გემმა გაიარა. ამ გემებიდან მხოლოდ რამდენიმე იყო უკრაინული.
ცნობისთვის, ივლისში რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე, რის შემდეგაც, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ექსპორტი აგრესორი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდებოდა.
საპასუხოდ, კრემლმა ოდესის რეგიონში პორტები და მარცვლეული ანგარები დაბომბა.
16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პირველმა საკონტეინერო გემმა Joseph Schulte-მა (ჰონკონგის დროშით) დატოვა ოდესის პორტი და მარცვლეულის დერეფნის გავლით, 18 აგვისტოს, სტამბოლში ჩავიდა.