საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნი დასავლეთს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ევროპისთვის “ეკონომიკურ შოკს” გამოიწვევს.
მინისტრის მოსაზრება ფრანგულმა Le Monde-მა გამოაქვეყნა. მისი თქმით, მოსკოვი ცდილობდა დაერწმუნებინა პარიზი, რომ უკრაინის მიტოვება უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა.
სეჟურნმა თქვა, რომ რუსეთის გამარჯვებამ უკრაინაში ომში შეიძლება დიდი ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს დასავლეთს, რადგან უსაფრთხოების პრობლემების გარდა, მოსკოვი მოიპოვებს კონტროლს უზარმაზარ რესურსებზე, რაც მას გლობალურ ფასებზე კონტროლის საშუალებას მისცემს.
„რუსეთს ექნება კონტროლი უკრაინის ნაყოფიერ შავ მიწებზე, გამოიწვევს სურსათზე შეუზღუდავ ინფლაციას და რუსეთს მისცემს მძლავრ ბერკეტებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისი თქმით, უკრაინაზე მოდის ხორბლის გლობალური ექსპორტის 30% და თუ მოსკოვი ხელში ჩაიგდებს ამ რესურსებს, მას ექნება ევროპის სასურსათო ბაზარზე ზემოქმედების ბერკეტი.