უკრაინული New Voice, პრეზიდენტის ოფისის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება მინიმუმ ხუთი სამინისტროს გაუქმებას აპირებს. სამინისტროების შემცირების მიზეზად საბიუჯეტო დაფინანსების შეზღუდვა სახელდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემცირება შეეხება უწყებას, რომელიც სოციალურ საკითხებზეა ზედამხედველი. აღნიშნული სამინისტროების ფუნქციების დიდი ნაწილი პირდაპირ პრემიერის ოფისს გადაეცემა.
ასევე საუბარია რეინტეგრაციის სამინისტროს, ასევე, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს დაშლის შესახებ. პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის ცნობით, შესაძლოა, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროც გაუქმდეს.
მოგვიანებით უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა თქვა, რომ მისი უწყების დაშლის შესახებ გავრცელებული ცნობები „სიმართლეს არ შეესაბამება”.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გასულ კვირას თქვა, რომ საჭიროა, სამინისტროების და მათი თანამშრომლების მესამედით შემცირება. თუმცა, მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.