უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან კიევი შეაჩერებს რუსული გაზისა და ნავთობის ტრანზიტს ევროპაში. სანაცვლოდ კიევი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნებიდან განახორციელებს.
ეს ქვეყანა სავარაუდოდ, ყაზახეთი ან აზერბაიჯანი იქნება.
ბუნებრივი აირის გარდა, 2025 წლის 1 იანვრიდან ნავთობის ტრანზიტი ასევე შეწყდება „დრუჟბას” ნავთობსადენითაც. მისი მეშვეობით სლოვაკეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში ხდებოდა რუსული ნავთობის იმპორტი.
„თუ რომელიმე ევროპული ქვეყანა საჭიროდ ჩათვლის გაზის მიღებას ყაზახეთიდან ან აზერბაიჯანიდან, მაშინ უკრაინა მზად არის მისი ტრანსპორტირებისთვის. ამისთვის, უნდა არსებობდეს შესაბამისი ლოგისტიკა, მოთხოვნა, ხელშეკრულება, სადაც უკრაინის სატრანზიტო როლი ცალკე იქნება განსაზღვრული”,– თქვა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.
რუსულ „გაზპრომსა“ და უკრაინულ „ნაფტოგაზს“ შორის უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. უკრაინულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „რუსეთთან შეთანხმებას არავინ გააგრძელებს. ჩვენ დავასრულებთ მას. რაც შეეხება გაზის ტრანზიტს სხვა კომპანიებიდან, თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნა იქნება, ჩვენ განვიხილავთ სხვა საკითხებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ივლისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსული კომპანია „ლუკოილის” ნავთობის ტრანზიტი სლოვაკეთსა და უნგრეთში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ „ლუკოილის” წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა