პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
ცვლილება შეეხება მინივენების და სხვა ტაქსებს, რომლებიც მუნიციპალიტეტების შიგნით, მგზავრების გადაყვანას ახორციელებენ.
კანონპროექტის მიღების შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსებს(მ1 კატეგორია) ნებართვის აღება მოუწევთ.
ნებართვა გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით, ნებართვის გაცემის უფლებამოსილება კი ენიჭება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.
მუნიციპალიტეტებს (გარდა დედაქალაქისა) 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, რომ უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (მ1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.
სანებართვო პირობების დარღვევით მგზავრების გადაყვანა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 და 200 ლარის ოდენობით.
თბილისის მსგავსად, მძღოლებს მუნიციპალიტეტშიც მოუწევთ ავტომობილის ლიცენზიის აღება, ტექნიკური ინსპექტირების გავლა, მანქანის თეთრად გადაღებვა და სხვა ვალდებულებების შესრულება.
რაც შეეხება მინივენებს, ცვლილება მათი მუშაობის დარეგულირებას ითვალისწინებს იმ კუთხით, რომ შეიზღუდოს მათ მიერ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა.
როგორც კანონპროექტში წერია, „რეფორმამ უნდა მოაგვაროს არარეგისტრირებული პირები (ე/წ „ხიშნიკები“), რომლებიც ავტოსადგურების გვერდის ავლით ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას (ხშირ შემთხვევებში მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით)”.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, სატრანსპორტო რეფორმის შედეგად უნდა მოწესრიგდეს ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა.