კომუნიკაციების კომისია (ComCom) აცხადებს, რომ კომპანია სილქნეტი ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურებას ვერ დანერგავს.
კომისიამ განმარტება სილქნეტის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა, სადაც კომპანია იტყობინებოდა, რომ პირველად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ხელმისაწვდომს ხდის 5G ტექნოლოგიას. კომპანია მომხმარებელს ატყობინებდა, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში – თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, აბონენტები მეხუთე თაობის ინტერნეტ სერვისს – მიიღებდნენ.
კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც მათივე განცხადებით მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს, სილქნეტისთვის წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა.
სილქნეტის მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა, მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ.
5G ინტერნეტის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა კომპანია სილქნეტს არ მიუღია, აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ სელფი მობაილმა მიიღო და აიღო ვალდებულება, რომ ქვეყნის მასშტაბით მეხუთე თაობის ტექნოლოგია დანერგოს.
კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ სილქნეტის მიერ შეთავაზებული 5G-ით, მომხმარებლები ხარისხიან და ეფექტიან ახალი თაობის ინტერნეტს ვერ მიიღებენ, რადგან მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის, შესაბამისი ოდენობისა და მახასიათებლების მქონე სპექტრული რესურსის გამოყენებაა საჭირო, რომელიც სილქნეტს ამ ეტაპზე არ გააჩნია.
მის სარგებლობაში აქამდე არსებული სიხშირული სპექტრის ძირითადი ნაწილი წინა თაობის მობილური ტექნოლოგიებისთვისაც გამოიყენება.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულ 5G აუქციონში მონაწილეობაზე, სილქნეტმა და მაგთიმ უარი თქვეს.