„აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ემატება. მთავრობის დადგენილებით, პროგრამა დღეიდან, 15 ივლისიდან ამოქმედდა.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრომეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სამეწარმეო პოტენციალის ზრდასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას.
პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება: გარანტიის, სუბსიდირებისა და გრანტის კომპონენტებს.
რა კომპონენტებს უნდა აკმაყოფილებდეს მეწარმე პროგრამით სარგებლობისთვის:
- მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს;
- არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება; ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
- მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს და სხვა.
რა პირობებით გაიცემა სესხი მეწარმე სუბიექტზე:
- პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში,
- ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 50 000 ლარს;
- პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 50 000 ლარს;
- პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე ბანკის მიერ დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმებული წესის შესაბამისად.
ამასთან, დადგენილების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში სესხი სრული ოდენობით უნდა გაიცეს სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხზე ტრანშის გაცემა არ დაიშვება.
პროგრამის ფარგლებში აკრძალულია სესხის გაცემა ამავე პროგრამის დანართ №1-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობებისთვის. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით არ დაფინანსდება:
- გუდვილის შეძენა (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS 3) შესაბამისად განსაზღვრული გუდვილი);
- სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და რემონტი, გარდა სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში;
- სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;
- კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება;
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სახდელების (ჯარიმა, საურავი, პირგასამტეხლო და სხვა) გადახდა/დაფარვა.