„სენტა ოილის“ დამფუძნებლის თქმის, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ფასები ბენზინზე საშუალოდ 10-15 თეთრით დაიკლებს. ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, საცალო ქსელში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბენზინის ღირებულება 6-იდან 20 თეთრამდე გაიზარდა. ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, „პლატსის“ გაძვირება გახდა, კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინის საწვავზე $927-ს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში $881.1 ღირდა. რაც შეეხება დიზელს, ამ შემთხვევაში „პლატსის“ ფასი აპრილში $813.23-დან $802.5-მდე შემცირდა.
„ფასების კლება საქართველოშიც უკვე დაწყებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალი ამბავია, ეს ძირითადად შეეხო საბითუმო ბაზარს, სადაც დაახლოებით 10-15 თეთრით არის გაიაფებული. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, აქაც უკვე დაახლოებით, ორ კვირაში აისახება და საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება“,- ამბობს ზაალ იაკობიძე.