საქართველოდან ექსპორტის 2023 წლის მაჩვენებელი ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. ხოლო ქვეყანაში შექმნილი ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი წლიურ ჭრილში კიდევ უფრო შემცირდა.
ადგილობრივი პროდუქციის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში კი წიაღისეული ნედლეული ლიდერობს.
აღნიშნულ ტენდენციას საქსტატის მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებიც აჩვენებს.
კერძოდ, 2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $6,090.6 მილიარდი შეადგინა, რაც 9.1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4%-ით შემცირდა და $2,791.5 მილიარდს გაუტოლდა.
საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ტენდენცია 2020-2023 წლებში ასეთია:
2023 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.1%შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია არიან რუსეთი ($541.7 მლნ.), თურქეთი ($343.8 მლნ.) და ჩინეთი ($270.0 მლნ).
2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $474.2 მლნ-ით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $257.7 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.2%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $180.7 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5%).