რატომ მოხდა სოციალურად დაუცველთა ზრდა
2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სოციალურ შემწეობას 672,209 მოქალაქე იღებს. 2022 წლისთვის მათი რიცხვი 659 ათასი იყო. ხოლო 2012 წლის შემდეგ, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 54%-ით არის გაზრდილი.
ბენეფიციართა რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა 2020 წლიდან, როცა კორონავირუსის პანდემია გავრცელდა, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა და სიღარიბის ზრდა გამოიწვია.
პანდემიის გამო 2 წელია შეჩერებულია სოციალური სარეიტინგო ქულების გადახედვა. თუმცა, ამ პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო აგრძელებდა, ახალი ოჯახებისა და პირების რეგისტრირებას სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათთვის ქულების მინიჭებას. სტატისტიკის ზრდაზე ცხადია, ამ ფაქტორმაც მოახდინა გავლენა.
ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტომ შარშან დეკემბერში სტატისტიკის წარმოების წესიც შეცვალა და ახლა მიუთითებს, რომ მთლიანი რაოდენობიდან 520,527 საარსებო შემწეობის მიმღებია, დანარჩენი 151 682 პირი კი არის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.
ვის შეეხება გადამოწმება
როგორც ცნობილია, მთავრობამ 2022 წლის 1 მარტიდან აამოქმედა საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2023 წლის იანვრის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 29 323 სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. პროგრამის პირობაა, რომ სოციალურად დაუცველმა პირმა შეთავაზებული ვაკანსიებიდან რომელიმე სამუშაო აირჩიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სოციალური მდგომარეობის ხელახლა გადამოწმება მოხდება.
სიის გადამოწმებაზე მთავრობის მიერ შემოღებული მორატორიუმი მარტში სრულდება. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტო 520 527-მდე ადამიანს გადაამოწმებს.
2022 წელს სოციალურად დაუცველ ადამიანებს ბიუჯეტიდან 620 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს. თანხის ზრდაზე ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან ერთად, დახმარების მომატებამაც იმოქმედა.