საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობა კვლავ მშობლებთან ან რომელიმე მშობელთან ერთად ცხოვრობს. ამის შესახებ საუბარია ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მიერ ჩატარებულ კვლევაში.
ახალგაზრდების 64% დედასთან ერთად ცხოვრობს, რაც მამასთან
ერთად ცხოვრების მაჩვენებელს 9%-ით აღემატება. ეს მიუთითებს, რომ ოჯახების
მნიშვნელოვანი რაოდენობა მამის გარეშე თანაცხოვრობს.
კვლევის თანახმად, ახალგაზრდების მხოლოდ 3% ცხოვრობს ცალკე, ხოლო დაახლოებით მეოთხედი (24%) –პარტნიორთან ან მეუღლესთან ერთად. 22% კი – შვილთან ან შვილებთან ერთად. ეს იმის მანიშნებელია, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი რაოდენობა უკვე ჩართულია ოჯახურ ცხოვრებაში.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოში ზოგადად, ახალგაზრდებს მშობლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ. გამოკითხული ახალგაზრდების 58% ამბობს, რომ ერთმანეთს კარგად უგებენ, 38% კი აცხადებს, რომ ძირითადად უგებენ ერთმანეთს.
ახალგაზრდების მეოთხედი (25%) დაოჯახებულია, თუმცა ეს მაჩვენებელი მამაკაცებს და ქალებს შორის განსხვავდება.
ქალების 36%, ხოლო მამაკაცების 14%-ია დაოჯახებული. თითქმის ყველა დაოჯახებულ ახალგაზრდას შვილებიც ჰყავს. რაც შეეხება იმათ, ვისაც ჯერ შვილები არ ჰყავს, 77% აპირებს ბავშვის ყოლას მომავალში.
ხოლო როდესაც შვილების სასურველ სქესზე მიდგება საქმე, უმრავლესობა (58%) ამ საკითხის მიმართ ინდიფერენტულია.