წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.
საქსტატის მონაცემებით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
ამასთან, 2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა $75.9 მლნ. შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7%-ია. რეინვესტიციამ $92.5 მლნ. შეადგინა და მისი წილი 45.9%-ით განისაზღვრა.
2024 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზეა თურქეთი – $42.4 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა
ჩეხეთი – $41.5 მლნ(20.6 %), ხოლო მესამეზე აშშ -$33.7 მლნ-ით (16.7%).
ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სექტორებს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და $78.7 მლნ. შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – $39.5 მლნ. (19.6 %), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი $38.8 მლნ. (19.3%).