რამდენ ლუდს სვამთ?
ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა და Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წელს 133 მლნ ლიტრს (+1.2% წლიურად) მიაღწევს.
გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება და 2023 წელს 45 ლიტრს შეადგენს, თუმცა, მაინც 2-ჯერ ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს – 79 ლიტრს.
ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან. მკვლევართა აზრით, ეს პროპორცია 2024 წელსაც შენარჩუნდება.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ქვეყანაში ლუდის საერთო მოხმარება 140 მლნ ლიტრს მიაღწევს.
საშუალოვადიან პერიოდში ლუდის მოხმარების ზრდა მოსალოდნელია ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების ზრდის ხარჯზე.
როდის და როგორ მოსწონთ ლუდის მოხმარება საქართველოში
ლუდის მოხმარება მკვეთრად სეზონურია და 60% მაის-სექტემბერზე მოდის. სპორტული ღონისძიებების დროს ლუდის მოხმარება საშუალოზე 25%-ით მაღალია.
საქართველოში პლასტმასის ბოთლის ლუდი მოხმარების თითქმის ნახევარს შეადგენს. მოთხოვნა მზარდია ქილის/შუშის ბოთლებსა და ბარის ლუდზე.
პლასტმასის ბოთლები ლუდის ჩამოსხმის ყველაზე ეკონომიური მასალაა. სწორედ ამიტომ საქართველოში ლუდის 44.6% პლასტმასის ბოთლებით იყიდება.
აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ბოთლით ლუდის მოხმარების წილი მცირდება სხვა კატეგორიების ზრდის ხარჯზე.
საქართველოში ყველაზე პოპულარული 2.5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული ლუდია, მას მოჰყვება 0.5-ლიტრიანი ქილის/ბოთლის ლუდი.
მაღალი ლიტრაჟის (3+) კასრის ლუდი ძირითადად ბარებში, რესტორნებსა და ფესტივალებზე იყიდება. ეს ყველაზე მზარდი კატეგორიაა პანდემიის შემდეგ (+11.3პპ ჯამურ გაყიდვებში 2020-23წწ).
2020 წელს პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა მომხმარებელთა ქცევა და ბარებში, რესტორნებსა და ფესტივალებზე მოხმარებიდან გადავიდა სახლში მოხმარებაზე.
2021 წლიდან კი HORECA (სასტუმრო/რესტორანი/კაფე) სექტორში მოხმარების წილი ზრდას განაგრძობს.
Galt&Taggart-ის მოლოდინით, ადგილზე მოხმარების (HORECA) წილი საქართველოში გაიზრდება ურბანიზაციის, შემოსავლებისა და ტურიზმის ზრდის ხარჯზე.