საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ამას ბიუჯეტიდან სხვადასხვა სოციალური მიმართულებით გაზრდილი დაფინანსება აჩვენებს. ერთ-ერთი პრიორიტეტი სტუდენტების „გულის მოგებაა”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ფინანსურ დავალიანებას საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 30 ათასამდე სტუდენტს გაუნულებენ.
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ სტუდენტებისთვის კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო – 150-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია, რომელსაც სახელმწიფო 5 ათას სტუდენტს აძლევს, 300 ლარამდე გაიზარდა.
შესაბამისად, მომატებული სტიპენდიების, ხელფასებისა და სოციალური ხარჯების გასაცემად ქვეყნის 2023 წლის ბიუჯეტი 500 მილიონ ლარზე მეტით იზრდება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ხელფასების ზრდას, უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ეკონომიკასა და სხვა სფეროებზე განაწილდება.
მთავრობა 2024 წლის იანვრიდან ხელფასებს გაუზრდის საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს და ჯარს.
„იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება შევძელით ბოლო წლებში, იგივე სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა; სოციალური დახმარებები გავზარდეთ – ეს არის წელიწადში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი;
ხელფასები გავუზარდეთ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები.
ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იანვარში ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი. ჯამში პოლიციელს და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა.
ჩვენ ასევე დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ სხვა სოციალური მიმართულებები, ჯანდაცვა. გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უმაღლესი დონის კლინიკებში“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია 2024 წლის ბიუჯეტზე, სადაც „საინტერესო სიახლეები იქნება”.
როგორც ჩანს, მომავალი წლის ბიუჯეტს კიდევ უფრო „საარჩევნო შინაარსი” ექნება.