2024 წლის პირველ 8 თვეში საქართველოდან $1.48 მილიარდის ღირებულების 57 ათასი ავტომობილის ექსპორტი მოხდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული მაჩვენებელია. ექსპორტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი.
საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი, $688 მილიონის, ყირგიზეთში გავიდა. ავტომობილების რეექსპორტის გამო, ყირგიზეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანაა. ამ ქვეყანაში გატანილი ავტომობილის საშუალო ფასი $36,4 ათასს აღწევს.
ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მაღალ მოთხოვნას სავარაუდოდ რუსეთში რეექსპორტი განაპირობებს, რადგან ყირგიზეთი რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ არის მიერთებული.
ქვეყანა | ავტოექსპორტი მლნ დოლარი | ავტომობილების რაოდენობა | ერთი ავტომობილის საშუალო ფასი |
ყირგიზეთი | 688 | 18,920 | $36.4 ათასი |
ყაზახეთი | 464 | 32,865 | $14.1 ათასი |
აზერბაიჯანი | 190 | 9,132 | $20.9 ათასი |
სომხეთი | 77 | 4,153 | $18.5 ათასი |
ტაჯიკეთი | 15 | 967 | $16.1 ათასი |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 7 | 254 | $27.3 ათასი |
უკრაინა | 6.8 | 906 | $7.5 ათასი |
ბელგია | 6.6 | 129 | $51.4 ათასი |
უზბეკეთი | 6.2 | 119 | $52.3 ათასი |
თურქეთი | 4.4 | 137 | $31.9 ათასი |
რაც შეეხება საქართველოში ავტომობილების იმპორტს, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში $2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 11%-ით არის შემცირებული. ავტომობილების ნახევარზე მეტი ქვეყნიდან შემდეგ რეექსპორტზე გავიდა.