საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.
IMF ვარაუდობს, რომ წელს აზიაში ეკონომიკა 4,6%-ით გაიზრდება, 2024 წელს კი ოდნავ შენელდება და 4,4% იქნება, – ნათქვამია სავალუტო ფონდის რეგიონული ეკონომიკური შეფასების ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, აზიის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ჩინეთი და ინდოეთი იქნება. მათ ხარჯზე აზია მოწინავე იქნება 2023 წელს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
ფონდი აღნიშნავს, რომ ჩინეთის აღდგენამ განაპირობა ეკონომიკის ზრდა, მაგრამ ამავდროულად, აზიის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ კვლავ არსებობს ინფლაციისა და გლობალური ბაზრის ცვალებადობის რისკი, რაც დასავლური საბანკო სექტორის პრობლემებით არის გამოწვეული.
„როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მოსალოდნელია, რომ შიდა მოთხოვნა აზიის მასშტაბით 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება“, – აღნიშნულია ანგარიშში.