მაისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აპრილის თვესთან შედარებით 1.9 ლარით გაიზარდა და 253.7 ლარს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმის ოდენობა, გასული წლის მაისთან შედარებით, წელს 8.7 ლარით არის გაზრდილი.
რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, მაისში, წინა თვესთან შედარებით, 1.7 ლარით გაიზარდა და 224.7 ლარი შეადგინა.
საარსებო მინიმუმის დონე პირდაპირ კავშირშია ინფლაციის მაჩვენებელთან. საარსებოდ აუცილებელი თანხის ოდენობა ფასების მატების პარალელურად იზრდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა.
საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიების მინიმალურ ოდენობას.
მინიმალურ სასურსათო კალათაში სულ 40 დასახელების პროდუქტი შედის. სტატისტიკის სამსახური მათ ფასს ყოველთვიურად აჯამებს და საარსებო მინიმუმის ოდენობას ადგენს.