PMCG Research-ის მიერ ჩატარებულმა საქართველოში არსებული ოჯახების დანახარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ 2019- 2023 წლებში შინამეურნეობების ყველაზე ღარიბი 20% აუცილებელი ხარჯების 60%-ს საკვებზე ხარჯავდა. ხარჯების განაწილების ასეთი პროპორცია 60/40-ით ზრდის საარსებო მინიმუმს 16%-ით. შესაბამისად, 2023 წელს კორექტირებული საარსებო მინიმუმი 224,2 ლარის ნაცვლად 261,6 ლარს შეადგენს.
- 2019-2023 წლებში საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის საშუალო წილი 17.3% იყო. კორექტირებული მაჩვენებლის გამოყენებისას (პროპორცია 60/40-ით) საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის საშუალო წილი 6.7 პპ-ით იზრდება და 24%-ს წარმოადგენს.
PMCG-ის შეფასებით, ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ ღარიბი შინამეურნეობების ხარჯვის პროპორციის მცირე ცვლილებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საარსებო მინიმუმის ოდენობაზე. შესაბამისად, თუ მეთოდოლოგია არსებითად გადაიხედება, შედეგები შეიძლება კიდევ უფრო შეიცვალოს.
საარსებო მინიმუმი სიღარიბის საზომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ის ასახავს იმ მინიმალურ თანხას, რომელიც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება. 2003 წლის მეთოდოლოგიის მიხედვით, საარსებო მინიმუმის 70% გამოყოფილია საკვებზე, რომელიც საჭიროა მინიმალური კალორიების მისაღებად, ხოლო 30% არასაკვები ხარჯებისთვის, წლების განმავლობაში ეს დანაწილება კრიტიკის საგანი იყო, იმის გამო, რომ ის არ ასახავს რეალურ გადანაწილებას სასურსათო და არასასურსათო დანახარჯებს შორის.