დღევანდელი ვაჭრობის დროს, რუსული რუბლი ძირითადი ვალუტების მიმართ კიდევ გაუფასურდა. 1 აშშ დოლარი 98 რუბლზე მეტი ღირს, 1 ევროს ღირებულება კი 108 რუბლს გადასცდა.
2023 წლის შვიდი თვის განმავლობაში რუბლი დოლართან მიმართებაში 58%-ით გაუფასურდა, ევროსთან კი თითქმის 75%-ით დაეცა.
ამ მაჩვენებლით რუსული რუბლი მსოფლიოს ყველაზე სუსტი ვალუტების სამეულშია და ლიდერია არასტაბილურობის თვალსაზრისით.
როგორც Bloomberg წერს, რუსულმა ვალუტამ, კლების ტემპით, თურქულ ლირასაც კი გადაუსწრო.
ქვეყანაში გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რაც დეფიციტის პირობებში, მას კიდევ უფრო აძვირებს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის განაცხადებით, რუსული ვალუტის ვარდნა გამოწვეულია ექსპორტის შემცირებითა და იმპორტის ზრდით.
რუბლის ღირებულება თითქმის განახევრებულია მზარდი სახელმწიფო ხარჯების, ენერგორესურსების გაყიდვებიდან შემოსავლების შემცირებისა და რუსების საზღვარგარეთ არსებული ანგარიშების დაყადაღების გამო.