როსტრანსნადზორმა 2022 წელს 2 ათასზე მეტი რეისი გამოავლინა, რა დროსაც რუსულ თვითმფრინავებზე ვადაგასული სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები გამოიყენეს. ამის შესახებ რუსული კომერსანტი წერს.
რამდენიმე ასეული ავიაკომპანიის დაუგეგმავმა ინსპექტირებამ აჩვენა, რომ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ დასავლური ტექნიკით, „აქვთ კომპონენტების დეფიციტი, პრობლემები სახარჯო მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით“.
ამის მიუხედავად, რუსული სამოქალაქო ავიაცია მგზავრების უწყვეტად გადაყვანას ახორციელებს.
„ზოგიერთი პროდუქტის იმპორტი უბრალოდ შეუძლებელია. შედეგად, საავიაციო ტექნიკის დარღვევით მუშაობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას ფრენის უსაფრთხოებაზე“, – თქვა როსტრანსნადზორის ხელმძღვანელმა ვიქტორ ბასარგინმა.
ავიაკომპანიები ვადაგასული სათადარიგო ნაწილების გამოყენებას უარყოფენ. ერთ-ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ გამოცემასთან თქვა, რომ ინსპექტორები შესაძლოა, ბატარეებს ან აკუმულატორებს გულისხმობდნენ.