რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა. გადაწყვეტილება 17 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. მთავრობის განმარტებით, მისი მიზეზი შიდა ბაზრის საწვავით გაჯერება გახდა.
რუსეთის ბაზარზე ზამთრის პერიოდში ბენზინზე მოთხოვნა მცირდება. ამ დროს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს წარმოების შემცირება რომ არ მოუწიოთ და შიდა ბაზარზე ფასები შეინარჩუნონ, ექსპორტის დროებითი აკრძალვის მოხსნა გადაწყვიტეს.
შეზღუდვა დარჩა დიზელის რკინიგზით ექსპორტზე. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნის შიდა ბაზარზე ზამთრის პერიოდში დიზელის საწვავის საჭირო მოცულობის შენარჩუნებაა.
როგორც ცნობილია, 21 სექტემბრიდან რუსეთმა დიზელის საწვავისა და ბენზინის ექსპორტი აკრძალა მზარდი ინფლაციის შეჩერების და შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის მიზნით.