2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მლნ ვიზიტს მიაღწია, რაც 2019 წლის III კვარტლის მაჩვენებლის მხოლოდ 83%-ს შეადგენს.
ქვეყნების მიხედვით 2023 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან (571,421 ვიზიტი) და თურქეთიდან (498,892 ვიზიტი) შემოვიდა.
PMCG-ის პროგნოზით, მომდევნო პერიოდებში გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო მოსალოდნელია ვიზიტების შემცირება ისრაელიდან. თუმცა, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელია ჩინეთიდან ვიზიტების რაოდენობის ზრდა.
გარდა ამისა, არსებობს ინდოეთიდან ვიზიტების ზრდის პერსპექტივაც, მიუხედავად ვიზიტორებისთვის საზღვრის კვეთის სირთულეებისა.
2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავალმა $1.4 მილიარდს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება პანდემიამდელ რიცხვს, თუმცა, ეს მაჩვენებელი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით მხოლოდ 5%-ით არის გაზრდილი.
ეროვნების მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი – $285.3 მლნ. ეს რიცხვი 38%-ით მეტია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე, მაგრამ 17%-ით ნაკლებია 2022 წლის III კვარტალთან შედარებით, რაც რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების კლების ტენდენციაზე მიუთითებს.