რუსული ხორბლის ექსპორტს კიდევ ერთი კომპანია, ამჯერად Louis Dreyfus წყვეტს. მარცვლეულის ტრეიდერი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია რუსეთის ბაზარს 1-ელი ივლისიდან დატოვებს. Louis Dreyfus ამჟამად რუსული აქტივების მყიდველს არჩევს.
ფრანგული კომპანია, რომელსაც სათავო ოფისი ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში აქვს, მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სავაჭრო ნაკადების დაახლოებით 10%-ს ქმნის. ასევე, არის უდიდესი ბამბითა და ბრინჯით მოვაჭრე და მეორე უმსხვილესი მოთამაშეა შაქრის ბაზარზე.
ბოლო წლებში კომპანიის წლიური გაყიდვები $120 მილიარდს აჭარბებდა. რუსეთიდან და უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეული გასულ წელს LDC-ის გაყიდვების 2%-ს შეადგენდა.
მარცვლეულის საერთაშორისო მოვაჭრეების უმეტესობამ რუსეთში ახალი ინვესტიციები გასულ წელსვე შეწყვიტა, მაგრამ განაგრძობდნენ რუსული ხორბლის შესყიდვას. ამჯერად, მათ ვაჭრობის სრულად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
Louis Dreyfus-მდე რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონცერნებმა Cargill-მა და Viterra-მ გასულ კვირას განაცხადეს. თუმცა, Cargill-ის გადაზიდვის განყოფილებამ განაცხადა, რომ გააგრძელებს მარცვლეულის ტრანსპორტირებას ქვეყნის პორტებიდან, ხოლო Viterra-ს ადგილობრივი მენეჯმენტი ახალი სავაჭრო ფირმის შექმნას აპირებს.
2022 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე, Viterra-მ რუსეთიდან დაახლოებით 2,4 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა, Cargill-მ – 1,6 მილიონი და Dreyfus-ს 0,8 მილიონი აქვს შესყიდული.