მოსკოვი დასავლურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ გაყინული რუსული აქტივები რუსეთში ჩარჩენილი სახსრებით.
უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც კაპიტალის რუსეთიდან გატანა არ შეუძლიათ, კრემლი დასავლეთის მიერ გაყინულ რუსულ აქტივებში გაცვლას სთავაზობს.
საუბარია რუსეთში დარჩენილ $1,1 მილიარდის ღირებულების აქტივების გაცვლაზე, რომელიც ძირითადად მცირე ინვესტორებს ეკუთვნით.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, დანარჩენი დეტალები ჩაწერილი იქნება შესაბამის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ვლადიმერ პუტინი მოაწერს.
რუსეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ გაცვლა „ნებაყოფლობითი“ იქნება და რუსეთში დასავლური აქტივების იძულებითი ექსპროპრიაცია არ მოხდება.
დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ შეთავაზების შესახებ და რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ ყოფილა.
საეჭვოა, დასავლეთის სახელმწიფოების მთავრობები ამ შეთანხმებას დათანხმდნენ.
გაყინული რუსული აქტივები დასავლეთში
არსებული მონაცემებით, ამჟამად თითქმის €200 მილიარდის რუსული აქტივებია გაყინული. აქედან €180 მილიარდი რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებია.
ახლა დასავლეთი ეძებს გზებს, რათა ეს აქტივები უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის ლეგალური გზით გამოიყენოს. თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ ეს ნაბიჯი კრემლის პროვოცირებას გამოიწვევს და მას რუსეთში დასავლური აქტივების ექსპროპრიაციისკენ უბიძგებს.
ცნობისთვის, ექსპროპრიაციები უკვე შეეხო გერმანული და ფინური ენერგეტიკული კომპანიების Uniper-ისა და Fortum-ის, ასევე ფრანგული Danone-ისა და დანიური Carlsberg-ის აქტივებს.