რუსეთი და ჩინეთი გეგმავენ ბარტერით ვაჭრობის დაწყებას, რითაც ცდილობენ თავი აარიდონ შეერთებული შტატების მიერ კონტროლირებადი საბანკო სისტემების გამოყენებას. ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ორი ბარტერული გარიგება, რომლებიც აგრარულ პროდუქციას შეეხება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე განხორციელდება. ასევე განიხილება რუსეთიდან ლითონების ექსპორტი ჩინეთიდან სხვადასხვა აღჭურვილობის სანაცვლოდ.
აშშ-ს სანქციებმა რუსეთსა და ჩინეთს შორის გადახდის ოპერაციები შეაფერხა. ორმა ქვეყანამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა და გადარიცხვებს ჩინეთის რეგიონული ბანკების მეშვეობით ახორციელებდნენ. მაგრამ გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ რჩება.
ბარტერით ვაჭრობა მოსკოვსა და პეკინს საშუალებას მისცემს ორმხრივი ტრანზაქციები დასავლეთს დაუმალონ და ამავდროულად, სავალუტო რისკები შეზღუდონ.
2024 წლის აპრილში The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ამზადებს სანქციებს, ზოგიერთი ჩინეთის ბანკისთვის, რაც გლობალური ფინანსური სისტემისგან მათ გათიშვას გულისხმობს. ვაშინგტონი ამ გზით ცდილობს შეაჩეროს პეკინის მხრიდან რუსული სამხედრო ინდუსტრიის მხარდაჭერა.