საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ეკონომიკის ახალი შეფასება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ეკონომიკა გაიზრდება, ჩინეთისა და ევროზონის კი – შემცირდება.
აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი IMF-მა 0,3%-ით 2,1%-მდე გაზარდა 2023 წლისთვის, ხოლო 1,5%-მდე –მომავალი წლისთვის ბიზნეს ინვესტიციებისა და მზარდი მოხმარების მოტივით.
ჩინეთში, პირიქით, IMF ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ამცირებს 5%-მდე 2023 წლისთვის და 4.2%-მდე – 2024 წელს ქვეყნის უძრავი ქონების კრიზისის და სუსტი საგარეო მოთხოვნის გამო. ფონდი არ გამორიცხავს, რომ ჩინეთში უძრავი ქონების სექტორის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდეს.
სამომხმარებლო ფასების ზრდამ ჩინეთში ორ წელიწადში მაქსიმუმს მიაღწია. უცხოეთიდან მოთხოვნის ვარდნის გამო, კომპანიები ზედიზედ მეშვიდე თვეა პერსონალს ამცირებენ.
ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა ახალი დარტყმა მიაყენა ჩინეთის საფონდო ბირჟას, რომელიც ისედაც ვარდნას განიცდიდა. განსაკუთრებით შემცირდა იმ კომპანიების აქციების ღირებულება, რომლებიც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არიან დაკავშირებული.
რუსეთში წელს IMF 2,2%-იან ზრდას ელოდება, რაც ივლისის პროგნოზთან შედარებით(1,5%) გაზრდილია. მაგრამ ფონდმა შეამცირა რუსეთის მშპ-ს ზრდის შეფასება 2024 წელს – 1,1%-მდე 1,3%-დან.
ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ეკონომიკამ აჩვენა, რომ მდგრადია სანქციების მიმართ.
IMF-ის მიერ ასევე შემცირებულია ევროზონის ეკონომიკის ზრდის შეფასება მიმდინარე წელს 0,7%-მდე და 1,2%-მდე 2024 წლისთვის.
დიდი ბრიტანეთისთვის მშპ-ის პროგნოზი გაიზარდა 0,1%-ით 0,5%-მდე 2023 წლისთვის, მაგრამ შემცირდა 0,6%-მდე 2024 წლისთვის.
გერმანიის მშპ-ის პროგნოზი ფონდმა კვლავ გააუარესა. ის 0,5%-ით კლებას ელის (ადრე 0,3%-ით შემცირდა). 2024 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 0,9%-მდე შემცირდა.
ესპანეთის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს შენარჩუნდა – 2,5%, 2024 წლისთვის კი შეფასება შემცირდა 1,7%-მდე.
საფრანგეთისთვის- 2023 წელს 1%-მდე გაიზარდა 0,8%-დან, მომავალი წლისთვის შენარჩუნდა 1,3%-ზე.
იტალიისთვის- ორივე წლის ზრდის პროგნოზი 0,7%-მდე შემცირდა;
იაპონიაში წელს IMF 2%-იან ზრდას ელოდება, რაც 0.6%-ით მეტია წინა პროგნოზზე. ეს გამოწვეულია სტაბილური მოთხოვნით, შემომავალი ტურიზმის მატებით, ადაპტირებული მონეტარული პოლიტიკითა და ავტომობილების ექსპორტის აღდგენით.
ფონდმა უცვლელი დატოვა იაპონიის 2024 წლის ზრდის პროგნოზი და ის 1%-ს შეადგენს.
ინდოეთის მშპ-ის ზრდის შეფასება გაუმჯობესდა 2023 წლისთვის – 6.3%-მდე 6.1%-დან, უცვლელი დარჩა 2024 წლისთვის – 6.3%.
ბრაზილიისთვის 2023 წელს პროგნოზი 2,1%-დან 3,1%-მდე გაიზარდა, 2024 წლისთვის – 1,5%-მდე 1,2%-დან.
ცნობისთვის, IMF-მა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს 3%-მდე შეამცირა, ხოლო 2024 წელს 2.9%-მდე ზრდას ვარაუდობს.
IMF-ის პროგნოზით, წელს გლობალური ინფლაცია 6,9%, ხოლო გაისად 5,8 იქნება. ფონდმა აღნიშნული პროგნოზები გაზარდა 0,1%-ით და 0,6%-ით,
შესაბამისად, ინფლაცია სამიზნე 2%-იან მაჩვენებლამდე 2025 წლამდე ვერ დაბრუნდება.
ამასთან ფონდი არ გამორიცხავს, რომ გეოპოლიტიკურმა შოკებმა ბიძგი მისცეს საკვებისა და ენერგომატარებლების გაძვირებას, რაც საპროცენტო განაკვეთების გაზრდის აუცილებლობას გააჩენს.
როგორც ცნობილია, სავალუტო ფონდმა (IMF) 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,2%-მდე გაზარდა. ფონდი წინა ანგარიშში მშპ-ის 6%-იან ზრდას ვარაუდობდა.