ჰამასის მთავარი სპონსორი ირანია, რომელიც მათ ტერორისტული თავდასხმებისთვის საჭირო იარაღს აწვდის. მაგრამ ჰამასის ბიუჯეტი მხოლოდ ირანიდან არ ივსება.
როგორც CNN-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ტერორისტულ დაჯგუფებას დონორები ონლაინარხებით კრიპტოვალუტას უგზავნიან.
კრიპტოსაფულეების მისამართების გამოსაქვეყნებლად ბოევიკებმა სოციალური ქსელები X (Twitter) და Facebook გამოიყენეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ჯერ კიდევ ისრაელზე თავდასხმამდე იძიებდნენ ჰამასის მიერ კრიპტოვალუტის გამოყენებას, რასაც ტერორისტები ფულის გათეთრებაში ჩართული პირების მეშვეობით იღებდნენ.
საქმის დეტალები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის იურისტებმა გაავრცელეს. ინფორმაციაში საუბარია კრიპტოანგარიშებზე, რომელთა კონფისკაცია აშშ-ის ხელისუფლებამ სამი წლის წინ გადაწყვიტა. მოხდა თუ არა ამ ანგარიშების დაბლოკვა, მედიისთვის ზუსტი ინფორმაცია უცნობია. მათ ხელთ არსებული ცნობით, მაისის მდგომარეობით, ეს საქმეები განიხილებოდა.
ზუსტად რა თანხა მიიღო ჰამასმა კრიპტოვალუტაში, გაურკვეველია. თუმცა, იმ ანგარიშებიდან, რომლებიც ისრაელის ხელისუფლებამ დაბლოკა, დაჯგუფებას 2020-დან 2023 წლამდე თითქმის $41 მილიონი ჩაერიცხა.
Wall Street Journal-მა გაარკვია, რომ კიდევ $94 მილიონი, სავარაუდოდ, პალესტინის ისლამურ ჯიჰადს ჩაერიცხა.
კრიპტოარხი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი გზიდან, რომელსაც ჰამასის მებრძოლები ბიუჯეტის შესავსებად იყენებენ.
აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის მაისის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰამასი დამატებით აგროვებს თანხებს არაფორმალური გადასახადებისა და კონტრაბანდის საშუალებით.
მათთვის გამიზნული კრიპტოვალუტის თვალყურის დევნებას ის ართულებს, რომ დაჯგუფებები ერთჯერად კრიპტომისამართებს იყენებენ, რომლებიც ცალკეული დონორისთვის არის შექმნილი. ამასთანავე, იყენებენ უკანონო ბირჟებს, რომლებიც კრიპტოვალუტას ნაღდ ფულად ანონიმურად, ჩანაწერების გარეშე გარდაქმნის.
ისინი მუდმივად პოულობენ თანხების მოზიდვის ახალ გზებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰამასის მთავარი ბენეფიციარი ირანი ყოველწლიურად $100 მილიონს აძლევს პალესტინის ტერორისტულ ჯგუფებს, მათ შორის ჰამასს და პალესტინის ისლამურ ჯიჰადს. თანხის ნაწილს ის საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან რიცხავს.
აშშ-ის ხაზინამ 2018 წელს დაადგინა, რომ ირანი ტერორისტების დასაფინანსებლად იყენებდა რუსულ კომპანიებს, რომლებსაც ფულს ურიცხავდა სირიისთვის მიწოდებული ნავთობის სანაცვლოდ, საიდანაც თანხა ეგზავნებოდა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს, რომლისგან შემდეგ თანხა მიდიოდა ჰამასთან და ჰეზბოლასთან.
აშშ-ის ხაზინის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანმა გამოიყენა სხვადასხვა ტაქტიკა ტერორისტული ჯგუფების დასაფინანსებლად, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების დაფარული გადარიცხვები და ძვირფასი ლითონებიჰა სანქციების თავიდან ასარიდებლად.