სახელმწიფო დუმამ 2025-27 წლების ბიუჯეტის შესახებ კანონი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს რუსეთი გაზრდის არმიის დაფინანსებას და პირველად მრავალი წლის განმავლობაში შეამცირებს მოქალაქეების სოციალურ დახმარებებს.
პენსიებისა და სხვა შეღავათების ხარჯები, წელს 7,73 ტრილიონი რუბლიდან 6,49 ტრილიონამდე შემცირდება. 2026 წელს სოციალური ხარჯები გაიზრდება 7,19 ტრილიონ რუბლამდე, ხოლო 2027 წელს – 7,2 ტრილიონამდე. დაზოგილი თანხა სამხედრო ბიუჯეტში მიდის, რომლის წილი მთლიან ხარჯებში რეკორდულ 32,5%-ს მიაღწევს. უკრაინასთან ომის პირველ წელს თავდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 17% შეადგენდა, 2023 წელს – 19%, მიმდინარე წელს – 29,5%.
2025 წელს რუსეთი თავდაცვაზე რეკორდული 13,5 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს. 2026 წლისთვის – 12,8 ტრილიონია გათვალისწინებული, ხოლო 2027 წელს – 13,1 ტრილიონი. მიმდინარე წელთან შედარებით, 2025 წელს ხარჯები 25%-ით გაიზრდება, 2023 წელთან შედარებით – ორჯერ, ხოლო 2021 წლის ომამდელთან შედარებით – თითქმის 4-ჯერ.
სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 6,2%-ს მიაღწევს. უფრო მეტიც, თითქმის ყოველი მესამე რუბლი დაიხარჯება საიდუმლო შესყიდვებზე.
დაფინანსება გაეზრდება პოლიციის, ეროვნული გვარდიის, საგამოძიებო კომიტეტის, სპეცსამსახურების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ბიუჯეტებს. საერთო ჯამში, არმია და უსაფრთხოების ძალები ფედერალური ბიუჯეტის 40%-ს დახარჯავენ.
რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს პროპაგანდისტული სახელმწიფო მედიის დაფინანსება- ისინი მიიღებენ 137,2 მილიარდ რუბლს – 13%-ით მეტს, ვიდრე 2024 წელს.