ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) გააფრთხილა ევროკომისია, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა ევროს გლობალურ პოზიციებს დაასუსტებს. ამის შესახებ The Financial Times წერს.
ევრობანკი შიშობს, რომ ეს ქმედება სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს, „ზურგი შეაქციონ“ ევროს იმის შიშით, რომ მათთან შენახულ ევროპულ ვალუტას შეიძლება საფრთხე შეექმნას.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს – ჯო ბაიდენს უფლებას აძლევს, გაყინული რუსული აქტივები კიევს გადასცეს დაზიანებული ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, კონფლიქტის დასრულების შემდეგ.
თავის მხრივ, აშშ მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაერთიანებაში შემავალმა ქვეყნებმა ჩამორთმეული რუსული აქტივები უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად გაგზავნოს.
თუმცა, პროცესი გართულდა, რადგან ევროკავშირი იურიდიული ბარიერების წინაშე აღმოჩნდა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აქტივების გადაცემაზე უთანხმოება არ არსებობს, მაგრამ მისი განხორციელება „კანონის უზენაესობის გვერდის ავლით არ შეიძლება” და ამან ევროს, როგორც გლობალურ ვალუტას, შეიძლება ცუდი შედეგები მოუტანოს.
ამჟამად ევროკომისია ამზადებს პროექტს, რუსული გაყინული აქტივების ათვისებისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.
The Financial Times-ის მონაცემებით, ამ დროისთვის, მხოლოდ ევროპაში დაახლოებით €196,6 მილიარდის რუსული აქტივები არის გაყინული.