ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავიაკომპანიების მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობა 93%-ით შემცირდა.
რამ გამოიწვია ტვირთნაკადის კლება?
როგორც ირკვევა, სატვირთო ავიაბაზარზე პანდემიის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის:
-
სატვირთო თვითმფრინავების გადაზიდვებზე მოთხოვნა შემცირდა;
-
ბაზარზე გაიზარდა კონკურენცია;
-
ქართული თვითმფრინავების ძირითადი ნაწილი არარენტაბელურია.
კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა სამგზავრო ფრენები შეზღუდული იყო, გადაზიდვებს ძირითადად სატვირთო თვითმფრინავები ასრულებდნენ. სამგზავრო ფრენების აღდგენის შემდეგ, ტვირთის ნაწილი ამ თვითმფრინავებისკენ გადამისამართდა. შესაბამისად, სატვირთო ავიაპარკის მომსახურებაზე მოთხოვნა დაეცა.
„საქართველოში რეგისტრირებული თვითმფრინავები მიფრინავდნენ ჩინეთში, ტვირთი ევროპაში გადაჰქონდათ და ხშირად იქიდან ცარიელი ბრუნდებოდნენ.
პანდემიის დროს მაღალი იყო მოთხოვნილება და გადაზიდვის ფასები, შესაბამისად, მხოლოდ ერთი მიმართულებით, უკან გზაზე ცარიელი ფრენა მათთვის მაინც მომგებიანი იყო. მას შემდეგ, რაც სამგზავრო მიმოსვლა აღდგა, ერთ გზაზე ცარიელი ფრენა ქართული კომპანიებისთვის არაკონკურენტული გახდა, რადგან იძულებულია, კლიენტს მთლიანი გზის ტარიფი გადაახდევინოს.
ისინი ბაზარს ვეღარ სთავაზობენ ისეთ კონკურენტულ ფასს, რომ შეძლონ ხელშეკრულებების გაგრძელება. ამიტომ არის, რომ ქართული რეგისტრაციის მქონე თვითმფრინავების უმეტესი ნაწილი, ბოლო პერიოდში თბილისის აეროპორტში დგას. ისინი რეგულარული ხელშეკრულებით გამყარებულ რეისებს ვეღარ ასრულებენ.
თუმცა, ტვირთი, რაც ადრე ჩამოდიოდა საქართველოში, ისევ ჩამოდის და იგზავნება.
უფრო მეტიც, აგვისტოში ტვირთები გაიზარდა ივლისთან შედარებით, რაც სავარაუდოდ, სეზონურ ფაქტორებს უკავშირდება”, – აღნიშნავს BRG-თან საუბარში გიორგი ზუმბაძე, შპს SKYLOG-ის დამფუძნებელი.
პრობლემაა ისიც, რომ ქართულ სატვირთო ავიაკომპანიებს ძირითადად პატარა ზომის თვითმფრინავები ჰყავთ. შორ მანძილებზე მათი გადაფრენა არარენტაბელურია. იმ დროს, როცა ჩინური და ევროპული თვითმფრინავები ორივე მხარეს დატვირთულები ასრულებენ რეისებს. შესაბამისად, მათ კლიენტს ნაკლების გადახდა უწევს.