საქართველოს ფოსტა ამანათების გაგზავნის ტარიფების გაძვირებას საბაზრო-ეკონომიკური პირობებით ხსნის.
კომპანია განმარტავს, რომ საფასურის ზრდა ხარისხიანი და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფის არის აუცილებელი.
ტარიფების ზრდა „განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის”, – ნათქვამია საქართველოს ფოსტის განცხადებაში.
კომპანიისვე განცხადებით, მომსახურების ტარიფები 15%-ით გაიზარდა, მაგრამ „საქართველოს ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას“.
ამასთანავე ფასების ზრდის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ფოსტამ მომსახურების ტარიფები 3 იანვრიდან გააძვირა. გაიზარდა როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ამანათების გაგზავნის საფასური.
საქართველოს ფოსტის მზარდი ზარალი
საქართველოს ფოსტა წლებია ზარალიანი კომპანიაა. სავარაუდოდ, ტარიფების ზრდაც კომპანიის მიერ ზარალის შემცირების მცდელობას უკავშირდება.
2023 წლის ფინანსური მონაცემები კომპანიას ჯერ არ გაუსაჯაროებია, მაგრამ წინა წლების ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო კომპანიის შემოსავლები მუდმივად მცირდება.
საქართველოს ფოსტის შემოსავალი 2022 წელს 23 მილიონი ლარით შემცირდა და ₾71,2 მილიონი ლარი შეადგინა. გაიზარდა წმინდა ზარალიც, თუკი 2021 წელს ეს 1.1 მილიონი ლარი იყო, 2022-ში ზარალმა 12 მილიონ ლარს მიაღწია.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავლები საფოსტო მომსახურებიდან 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 4 მილიონი ლარით არის შემცირებული.
შემოსავლები გადაზიდვებიდან 24.9 მილიონი ლარია, ზრდა – 2.9 მლნ;
რაც შეეხება ხარჯებს, 2022 წელს ძირითადი სატრანსპორტო ხარჯი 8 მლნ ლარი იყო;
საზღვარგარეთის საფოსტო ადმინისტრაციების ხარჯები – 2.9 მლნ ლარი;
მივლინებების ხარჯები – 2.5 მლნ ლარი;
კომუნალური ხარჯები – 1.9 მლნ ლარი;
მთლიანობაში კომპანიის საოპერაციო ხარჯებმა 25.7 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, კომპანიას 15.8 მილიონი ლარის მარაგების ხარჯები ჰქონდა.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ფოსტა 4,784,992 საფოსტო გზავნილს მოემსახურა, ზრდამ 0.6 მლნ გზავნილი შეადგინა.
30 ათასით გაიზარდა ამანათების რაოდენობა და 937,346 შეადგინა. 66 ათასით მოიმატა ელ. კომერციის ამანათებმა (84,710-მდე), ხოლო სხვა სახის გზავნილების რაოდენობა 511,177 იყო (მატება 50 ათასი გზავნილი).
მაგრამ გადაზიდვების მატების მიუხედავად, კომპანიას ზარალი დაუფიქსირდა.
რა ქონებას მალავს საქართველოს ფოსტის დირექტორი
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის – ლევან ჩიკვაიძის ქონებრივი დეკლარაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ შეისწავლა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ლევან ჩიკვაიძე, რომელიც ერთდროულად ოთხ სახელმწიფო კომპანიას ხელმძღვანელობს, მიღებულ შემოსავალს მალავს.
6 წლის განმავლობაში, 2015-2020 წლებში ზარალზე მყოფ საქართველოს ფოსტაში მისი წლიური შემოსავალი გასამმაგდა და 36 707-დან 111 622 ლარამდე გაიზარდა.